Monday, November 11, 2013

სოფელი ქვახვრელი და მისი ღირსშესანიშნაობა

ქვახვრელის გამოქვაბულების კომპლექსი ეკლესია კომპლექსის სხვა სადგომებთან შედარებით უფრო დიდია. მას ორი სწორკუთხა კარი აქვს. ერთი, ფართო კარი გაჭრილია ჩრდილოეთი კედლის შუა ნიშში და წარმოადგენს დარბაზის განათების ძირითად წყაროს. მეორე სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთშია. ეს კარი II კორიდორში გადის. ეკლესიას აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი აქვს. საკურთხეველი დარბაზის იატაკის დონიდან 1 მ-ითაა შემაღლებული. საკურთხეველში ორი თაღოვანი ნიშია. უფრო ფართო სამხრეთ ნიშში გაჭრილია დამხმარე სადგომში ჩასასვლელი ვიწრო თაღოვანი გასასვლელი. საკურთხეველი კანკელით ყოფილა გამოყოფილი, რომლის კლდეში ნაკვეთი მცირე ნაწილები შემორჩენილია აფსიდის გვერდებთან.
Add caption


     ქვახვრელის გამოქვაბულების კომპლექსი მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, უფლისციხის სამხრეთით. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. ისტორიულ წყაროებში ქვახვრელი პირველად მოიხსენიებულია XI საუკუნეში, ფეოდალური საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლის პერიოდში.
     როგორც ივანე ჯავახიშვილი ,,ქართველი ერის~ ისტორიაში წერს, ქვახვრელი X საუკუნის საქართველოს გაერთიანების მოვლენებთან დაკავშირებით ,,მატიანე ქართლისაი~-შია მოხსენიებული. აღნიშნულ პერიოდში ქართლის გამგებლად აფხაზეთის სამეფოს დიდი ფეოდალი იოანე მარუშისძე იყო დანიშნული. მან 976 წელს დავით კურაპალატს შესთავაზა ან თვითონ შემოეერთებინა ქართლი, ან კიდევ კურაპალატს თავისი შვილობილი ბაგრატი დაესვა ქართლის გამგებლად. მართლაც, 978 წელს იოანე მარუშისძემ ქართლის სატახტო ქალაქი უფლისციხე ბაგრატს გადასცა. ,,მატიანე ქართლისაი~ წერს, რომ იოანე მარუშისძემ უფლისციხის გასაღები ბაგრატს ქვახვრელში გადასცა...
    ქვახვრელი ქვიშაქვის კლდეშია გამოკვეთილი. კომპლექსში შედის: სამრეკლო, კორიდორები, ეკლესია, დაბალი და ერდოიანი სადგომები.

სამრეკლოს,რომელიცგამოქვაბულების კომპლექსის შესასვლელზე მოგვიანებითაა მიშენებული, არაწესიერი სწორკუთხედის ფორმა აქვს, ნაგებია ნატეხი ქვით. ნაგებობა დასრულებულია გუმბათით, რომელიც დაბალი, შიგნით და გარეთ გეგმით წრიული ცილინდრული ყელისა და კონუსისმაგვარი სახურავისაგან შედგება.
  სამრეკლო უკავშირდება ბნელ კორიდორს, რომლის ღერძი ჩრდილოეთიდან სამხრეთჳსკენაა მიმართული. კორიდორის აღმოსავლეთ კედლის ცენტრში
გაჭრილია ეკლესიის შესასვლელი.

ამ შესასვლელის მოპირდაპირე მხარეს გამოკვეთილია რამდენიმე საფეხურით ამაღლებული ერდოიანი სადგომი, რომელიც უკავშირდება ღია კორიდორს (III) I კორიდორის ბოლოს, მარცხნივ, მიემართება II კორიდორი, რომელიც უკავშირდება დამხმარე სადგომს. III კორიდორი დანარჩენ კორიდორებს უერთდება მათი გადაკვეთის ადგილთან (ამჟამად ამოქოლილია).


 აღსანიშნავია, რომ XVIII საუკუნეში ამ რეგიონში მომხდარა სომეხი ხალხის მიგრაცია. აქ გამოქვაბულის კედლებზე სომხებს 17 ხაჩკარი ამოუკვეთიათ: 15 _ I კორიდორის აღმოსავლეთ კედლებზე, ხოლო 2 - ეკლესიის საკურთხეველში. (ტექსტი აღებულია წიგნიდან: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, თბ., 1990, ტ.5, გვ. 113-114)
   მოგვიანებით მე-14 საუკუნეში სოფელ ქვახვრელის შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის იოანე ბატონიშვილი, როდესაც იგი ციციშვილების საგვარეულო ისტორიას სწავლოდა. ეს ცნობები აკადემიკოსმა შოთა ხანთაძემ შეაგროვა და სპეციალური ნაშრომი მიუძღვნა: ,,ციციშვილები, ფეოდალური საგვარეულო საქართველოში, ფანასკერტელების ჩამომავლები არიან. მე-14 საუკუნის მეორე ნახევარში მეფე ბაგრატ V-ს ტაოდან ქართლში გადმოუსახლებია ფანასკერტის მფლობელი ზაზა და მძოვრეთის ხეობაში (მდ. ძამაზე) მამულები უბოძებია. მის განაყოფთ მამულები ნიჩბისის ხეობაში მიუღიათ. შემდეგ ზაზამ ნასისხლად მიიღო ორბოძლელთა მამულები ხვედურეთში. 1467 წ., ჯერ კიდევ უფლისწულობაში ქართლის მეფე კონსტანტინემ ზაზა (II) ფანასკერტელს გაუახლა მამულების მფლობელობა და დამატებით უბოძა უფლისციხე, ქვახვრელი და კარალეთი ეკლესიითურთ; უფრო გვიან კი ზაზას შვილს, ციცის, თავადობა უბოძა. ციცის შთამომავლები უკვე ციციშვილებად იწოდებოდნენ, მათი სათავადო კი - საციციანოდ. მე-18 საუკუნეში ციციშვილებს მამულები ჰქონდათ ხვედურეთში, ძამისა და გუჯარეთის ხეობებში, გვერდისძირში. რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ ციციშვილები კეთილშობილთა რიგებში აღირიცხნენ და შესაბამისი პრივილეგიებით სარგებლობდნენ.(წყარო შ. ხანთაძე, „ციციშვილები". ქსე, ტ. 11, გვ. 235. თბილისი, 1987 ციციშვილი, იოანე ბატონიშვილის „შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა"-ს მიხედვით).

Friday, November 8, 2013

ქვახვრელის ტერიტორიაზე არსებული უძველესი ციხე-ქალაქი ,,უფლისციხე"

                              
                                   


                                                                                               საიდან მომდინარეობს სახელი “უფლისციხე”? 
              უფლისციხე ადგილობრივ ტომთა ბელადის უფლის სადარის რეზიდენციას წარმოადგენდა ასე იმიტომ უწოდებდნენ, რომ ტომის ბელადს დიდი ძალაუფლება ჰქონდა. სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს. უფლის სადარის ციხე, ანუ შემოკლებით უფლისციხე.
სახელი უფლისციხე ჯერ კიდევ კერპთაყვანისმცემლობის დროს ეწოდა, ამიტომ ტომის ბელადის უფლის სადარობა, ძალაუფლების აღმნიშვნელი ტერმინია და არა რელიგიურის.
                                            უფლისციხეს უკავშირდება ლეგენდა...
ლეგენდის მიხედვით უფლისციხე მონების მიერ არის აგებული. მონას წერაქვს აძლევდნენ, რომლის ნახევარი რკინით იყო დაფარული რითაც გამოქვაბულებს გამოკვეთდნენ და მეორე ნახევარი კი ოქროთი. მონას ისე უნდა ემუშავა, რომ უბრალო ლითონი გაეცვითა, რის შემდეგაც საჩუქრად თავისუფლებას და ძვირფას ლითონს ანუ ოქროს იღებდა.
ეს, რა თქმა უნდა ლეგენდაა, რადგან მუშას ამდენ ოქროს ხელში არავინ არ ჩაუგდებდა. თუმცა ორი რამ ნათლად იკვეთება ერთი ის თუ რამხელა შრომა ჩაიდო ქალაქის გამოსაკვეთად და მეორე ის, რომ საქართველოში ოქროს მართლაც მოიპოვებდნენ და ოქროს საწმისის ლეგენდა უკვე განყენებული აღარაა.
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, უფლისციხეში საქალაქო ცხოვრება დაქვეითდა, თუმცა ის მაინც უძლიერეს ციხე-სიმაგრედ დარჩა.
უფლისციხე დაკავშირებული იყო აბრეშუმის გზასთან, რომელიც აქ გადიოდა. მთელ სიგრძეზე დღესაც ეტყობა ბორბლიანი ტრანსპორტის კვალი.
უფლისციხეში კვერნაქის ქედიდან გამოყვანილი იყო წყალსადენი ციხე წყალს გვირაბის მეშვეობით მტკვრიდან იღებდა.
                       
            როგორ ხდებოდა უფლისციხის წყლით მომარაგება?
წყალს ორგვარად იმარაგებდნენ, ძირითადად კი, კვერნაქის მთიდან. აქედან 6 კმ-ზე წყაროა, საიდანაც წყალი თიხის მილებით ქალაქამდე გაჰყავდათ. ეს, რომ არ გასჭირვებოდათ, ჩვენი წინაპრები თიხის მილებს შორის გზადაგზა აუზებს აყოლებდნენ, წყალი რომ შეგროვილიყო და თვითდინებით მოსულიყო აქამდე. თუ მტერი ქალაქს ალყას შემოარტყავდა თიხის მილს რა თქმა უნდა, იოლად დააზიანებდა, ამ შემთხვევაში წყალზე გამავალი საიდუმლო გვირაბიც ჰქონდათ. საიდუმლო იმიტომ, რომ მაშინ მდინარე მტკვარი ისე არ იშლებოდა, როგორც დღეს იგი უშუალოდ ეკვროდა კლდეს, თანაც ისე რომ ფარავდა გვირაბის შესასვლელს. მტრისათვის გაურკვეველი იყო, იქ რეალურად რამე არსებობდა თუ არა.
მიმდებარე კვენაქის მთაზე ძველი წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნიდან საქარავნე გზა გავიდა. ეს გზა ინდოეთში იწყებოდა და გრძელდებოდა შავ ზღვამდე. ანტიკურ ქართლში ყველა ქალაქი: ურბნისი, გორი, უფლისციხე, კასპი, მცხეთა მდინარე მტკვრის ხელმარცხნივ არის განთავსებული. აქ გამავალი საქარავნე გზა თვითონვე განაპირობებდა მის გარშემო ქალაქების თავმოყრას რასაც ვერ ვიტყვით მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. ის მხარე მოშორებული იყო მსოფლიო მიმოსვლის პროცესებისაგან და საქალაქო მშენებლობისათვის პირობებიც არ გახლდათ. როგორც კი საქარავნე გზა ხელმარცხნივ გავიდა იმ მხარემ უმალ დაკარგა დანიშნულება.
                                რამდენი გამოქვაბულია უფლისციხეში?
ძველად, ანტიკურ პერიოდში, აქ დაახლოებით 700-მდე გამოქვაბული იყო. დღესდღეობით 150 გამოქვაბულია შემორჩენილი. გამოქვაბულების დაზიანების მიზეზი სხვადასხვა გახლდათ ერთი მიზეზი ის არის, რომ ქანი, რ რაშიც ქალაქია გამოკვეთილი ძალიან რბილია, ქარი და წვიმა, გარკვეულწილად ცვეთს მას. მეორე და უმთავრესი კი მიწისძვრები გახლავთ, ეს ადგილი საერთოდ სეისმური რეგიონია.
1920 წელს გორის შემოგარენში ძლიერი მიწისძვრა იყო, რამაც უფლისციხის კომპლექსი ნაწილობრივ დააზიანა.
უფლისციხეში იყო თამარის დარბაზიც…
უფლისციხეში ძველი წელთაღრიცხვით პირველი ათასწლეულის დასაწყისიდან, ჩვენი წინაპრები იწყებენ მუშაობას დარბაზების გამოსაკვეთათ.
თამარის დარბაზს ეს სახელი თამარ მეფის საპატივსაცემოდ დაარქვეს, თუმცა თამარს აქ არასოდეს უცხოვრია. დარბაზი თავდაპირველად განკუთვნილი იყო წარმართული ხანის საზეიმოსაკულტო ცერემონიისთვის. დარბაზის ჭერს შუაში შედგმული ჰქონდა კლდეში გამოკვეთილი ორი სვეტი, რაც დღეს აღარ არსებობს მოგვიანებით ჩრდილოეთ ნაწილში მარანი გაუკეთებიათ.
                                           
     ვისი სახელობის არის  უფლისციხის ეკლესია ?
უფლისციხეში არის წმიდა გიორგის სახელობის ბიზანტიური სტილის სამნავიანი ბაზილიკა. ეკლესია ათი წელია, რაც მოქმედია. მღვდელი შაბათ-კვირას მოდის და ტარდება წირვა-ლოცვა. ღვთისმსახურებას, ძირითადად, ადგილობრივი ხალხი ესწრება (ქვახვრელისა და უფლისციხის მოსახლეობა).
ეეკლესია ყოველგვარი საძირკვლის გარეშე კლდეზეა აგებული და 1920 წლის მიწისძვრას გაუძლო. ამბობენ, რომ მშენებლობაში კვერცხის გულსაც იყენებდნენ, რაც კედლებს სიმტკიცეს აძლევს. ტაძარი ბევრჯერაა დაზიანებული და შეკეთებული.
ეკლესიის გარეთ შესაწირი ქვევრებია. ოჯახში ბავშვი რომ იბადებოდა, ღვინოს ქვევრში ასხამდნენ და როცა მას 16 წელი შეუსრულდებოდა ეკლესიაში მოჰქონდათ და ქვევრსაც აქვე ტოვებდნენ.
გვირაბი უფლისციხის ერთ-ერთ შესასვლელს წარმოადგენდა. იგი კლდეშია ნაკვეთი 41 მეტრია სიგრძეში და 3 მ მისი საშუალო დიამეტრია. Dძველი წელთაღრიცხვით 5-6 საუკუნეებშია გამოკვეთილი.
ერთ დროს დიდებული ციხე-ქალაქი დღეს ღია ცის ქვეშ არსებული მუზეუმია.

Thursday, November 7, 2013

ჩვენი სოფლის კულტურულ - ტრადიციული სიძველეები

                                                        სულადის არაყი

       ჩვენი სოფლის უამრავ ტრადიციათაგან ერთ-ერთზე გვინდა თქვენი ყურადღების მიქცევა. კერძოდ, ეს გახლავთ ,, სულადის არაყი".
      არაყი, დღესაც და უწინდელ დროშიც, საუკეთესო სასმელს წარმოადგენდა გლეხის ოჯახისათვის. ვერც ერთ ოჯახს ვერ ნახავდით, სადაც ეს ღვთაებრივი სითხე არ ქონდათ. სოფელში ხალხი ამ სითხეს სტუმრის მიღება-გასტუმრებისას იყენებდა.
      წინათ ხორბლისგან მიღებულ ნატურალურ არაყს ,,სულადის არაყს" უწოდებდნენ.  არყის           მიღება შემდეგნაირად ხდებოდა:  სველ ხორბალს ჩაყრიდნენ ტომრებში და რამოდენიმე დღე გააჩერებდნენ. ხორბალი როდესაც ღოღოს გამოიტანდა, გადმოყრიდნენ ტომრებიდან, გააშრობდნენ და დაფქვავდნენ. ამას ,,ალაოს" უწოდებდნდენ. ამ ფქვილისგან ზელდნენ ცომ და თონეში აცხობდნენ. გამოცხობის დროს ცომის გუნდებს თონეში ჩაყრიდნენ, ამას ,,კუტი პური" ეწოდებოდადა ორივე მეთოდით გამომცხვარ პურს როდესაც ამოყრიდნენ, მაშინვე ცხელ-ცხელს დიდ ქვაბში ჩაყრიდნენ და ზედ თბილ წყალს ასხამდნენ. ამას უმატებდნენ სვიის ყვავილის ფქვილს, რომელსაც მაშინ საფუარად იყენებდნენ. დაახურავდნენ მჭიდროდ სარქველს და რამოდენიმე ხანს აჩერებდნენ ასე. ერთი კვირის შემდეგ სვია იწყებდა დუღილს. დუღილის პროცესში ხშირად ურევდნენ. როგორც კი დაიდუღებდა, ამ მასას გადმოიტანდნენ სპილენძის ქვაბში, რომელშიც წინასწარ ჩაფენილი იყო თივა, ან ლობიოს კუწეწი, იმ მიზნით, რომ ეს მასა ქვაბის ძირს არ მიჰკვროდა, რათა არაყისთვის არასასიამოვნო  გემო არ მიეცა. მჭიდროდ საახურავდნენ ზარფუშს, შემოლესდნენ ნაცრით და შეუნთებდნენ ცეცხლს. ზარფუშზე მიერთებული იყო ე. წ. გეჯა, რომელზეც მილი იყო მიმაგრებული, გეჯაში კი ცივი წყალი ისხმებოდა, რათა აორთქლებისთვის ხელი შეეწყო. აორთქლების შედეგად სითხე წვეთ-წვეთად მოედინებოდა მილიდან და სასურველი სულადის არაყიც მზად იყო.
       ალბათ იკითხავთ, რატომ მაინცდამაინც სულადის არაყი? სულადის არაყი სოფლის მცხოვრებლებს ძალიან უყვარდათ, რადგან ნაკლებად მავნებელი იყო ორგანიზმისთვის, თანაც მაშინ არც ყურძნის ვენახები იყო და არც ხილის ბაღები, რადგან სარწყავი წყალი არ იყო, ამიტომ სულადის არაყი ხალხისთვის უფრო ხელმისაწვდომი იყო.
      არყის გამოხდის და მისი დაგემოვნების დროს ხალხი ასე ილოცებოდა: ამ ჭიქით ჩვენს ტრედიციებს და იმ ხალხს გაუმარჯოს, ვინაც ეს ტრადიციები შემოგვინახაო; ან კიდევ: ეს მწარეა და ჩვენ ტკბილად გაგვიმარჯოსო.

Wednesday, November 6, 2013

სოფლის პრობლემები და სამომავლო პერსპექტივები

                                             სოფლის პრობლემები 


   ჩვენ სოფელში, დაახლოვებით, 2220 მოსახლე ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მნიშვნელობის კულტურის მატარებელია, მრავალი პრობლემის წინაშე დგას. პირველი ის ,რომ სოფელში არ არის სასმელი წყალი. მოსახლეობა წლების მანძილზე გაუსინჯავი საოჯახო ჭებით სარგებლობს, რაც უარყოფითად აისახება მათ ჯანმთელობაზე. ხშირად ეს ჭის ჭყალიც არ მოიპოვება, განსაკუთრებით ზამთარში. მაგალითად, შარშან მთელი ზამთრის განმავლობაში მოსახლეობის უმეტეს ნაწილს არ ქონდა სასმელი წყალი. ეს პრობლემა კი, ჩვენი აზრით, იმან გამოიწვია, რომ მოსახლეობა ზამთარში გათბობის მიზნით, სოფლის გარეშემო მდებარე ტყეებს ჩეხს და ანადგურებს, რადგან სხვა არანაირი საშვალებაა გათბობისა. სოფელს არ აქვს ბუნებრიბი აირი, რაც ჩვენი აზრით, ააღნიშნულ პრობლემას შეასუსტებდა. რა თქმა უნდა, სოფელს თუკი ბუნებრივი აირის მოხმარების საშუალება ექნება, ტყეები აღარ გაიჩეხება და ამით ბუნებრივი კატასტროფების რისკი შემცირდება. რაც მიკროკლიმატის შეცვლას, წყლის დაშრობას და მთელ რიგ სხვა ბუნებრივ კატასტროფას გულისხმობს.


                                 

                                              სამომავლო პერსპექტივები

 ამ საკითხთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩავწერეთ ჩვენი სოფლის საჯარო სკოლის დირექტორთან, ბატონ ირაკლი მირუაშვილთან. იგი გვესაუბრა, როგორც პრობლემების, ასევე მისი გადაჭრის გზების შესახებ. ბატონი ირაკლი  ჩვენი სოფლის განვითარების უდიდეს რესურსად მიიჩნევს, ჩვენს ტერიტორიაზე არსებულ უძველეს კულტურულ ძეგლს, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალს, რომელიც უძველესი კულტურის მატარებელია და რომელიც ყოველწლიურად უამრავ უცხოელ თუ ადგილობრივ ტურისტს მასპინძლობს. ჩვენ მვიკვლიეთ და დავადგინეთ, რომ 2011 წელს უფლისციხეს სტუმრობდა 7800 დამსვენებელი, ხოლო 2012 წელს ეს რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა და შეადგენდა 200000 ვიზიტორს. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ თუკი სოფელში გაკეთდება საოჯახო ტიპის სასტუმროები, ბუნებრივია ამ ბიზნესის განვითარება სასიკეთოდ აისახება სოფლის მოსახლეობის სოციალურ განვითარებაზე. ამისთვის საჭიროა სახელმწიფოსგან მხარდაჭერა, იაფი კრედიტების გაცემა სახლების კეთილმოწყობის მიზნით.
           
                                            
                                             გთავაზობთ აღნიშნულ ინტერვიუს




      უვარგისი სასმელი წყლის მიღებით გამოწვეულ დაავადებების შესახებ ვესაუბრეთ სოფლის ექიმ-პედიატრს ანა მზარეულაშვილს. მისი ცნობით სოფელში გახშირდა ისეთი ქრონიკული დაავადებების რიცხვი, როგორიც არის კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებერბი: გასტრიტი, დუოდენიტი, ქოლეცისტიტი და სხვა ქრონიკულად გამწვავებული დაავადებები. ყველაზე ცუდი კი ის არის, როგოქც ქალბატონი ანა აღნიშნავს, რომ აღნიშნულმა დაავადებებმა მოიპოვა გაახალგაზრდავება, რც იმას ნიშნავს რომ ამან ბავშვთა ასაკში იჩინა თავი.
                                                   
                                              გთავაზვთ აღნიშნულ ინტერვიუს